Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა’

რას ნიშნავს ანტისარაკეტო ფარი, ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა? – ეს ნიშნავს ისეთი შესაძლებლობის ქონას, რომელიც საშუალებას მოგცემს მოწინააღმდეგის მხრიდან გამოშვებული ახლო, საშუალო სიშორის ან საკონტინეტთაშორისო რაკეტა დროზე აღმოაჩინო და სწრაფად გაანადგურო.

ასეთი შესაძლებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს, მაგრამ ის, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან დღემდე, მხოლოდ მის საზღვრებს იცავს, თურმე! როდესაც ამერიკელებმა ახალი გათვლები გააკეთეს, აღმოჩნდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ჯარისკაცები ევროპაში და მისი ევროპელი მოკავშირეები დაუცველები არიან – მართალია ჩრდილო კორეულ რაკეტებს შტატებიდან და ხომალდებიდან ვსწვდებით, მაგრამ ირანის რაკეტებს ვეღაროო… დაასკვნეს ამერიკელმა სპეციალისტებმა! და ამიტომ საჭირო გახდა ამერიკის შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების დასაცავად ისეთი, ახალი “პოზიციური რაიონის” შექმნა/ჩამოყალიბება, რომელიც ირანიდან (ასევე სირიიდან და კიდევ რამოდენიმე ქვეყნიდან) მომავალ საფრთხეზე იქნებოდა პასუხისმგებელი – ახლო და საშუალო, შორი მოქმედების ბალისტიკურ რაკეტებზე.

“პოზიციური რაიონი” ნიშნავს ერთმანეთთან დაკავშირებულ სარადარო სისტემების, რაკეტგადამჭერების და საკომანდო პუნქტის ერთობლიობას, რომელიც პასუხისმგებელია ერთ რომელიმე მიმართულებაზე. დღემდე ამერიკის შეერთებულ შტატებს ორი ასეთი “პოზიციური რაიონი აქვს: რაკეტგადამჭერები ალიასკასა და კალიფორნიაში, სარადარო სისტემები კი განთავსებულია გრენლანდიასა და ნორვეგიაში. “მესამე პოზიციური რაიონი” რომლის კომპონენტებიც ჩეხეთსა და პოლონეთში უნდა განთავსებულიყო არ შედგა – რუსეთმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა! ბევრი უხსნეს ამერიკელებმა თქვენ არას გერჩითო, მაგრამ რუსებმა ცივი ომის ტერმინოლოგიის უხვი გამოყენებით უპასუხეს, რომ სტრატეგიული დანიშნულების იარაღის ევროპაში განთავსება ძალთა არსებულ ბალანსს, არა მარტო კონტინენტზე, არამედ მთელ მსოფლიოში დაარღვევდა.

რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის მოქმედების უკეთ გასაგებად ნახეთ ანიმაცია ამ მისამმართზე: http://news.bbc.co.uk/hi/russian/international/newsid_7044000/7044591.stm

ბილ კლინტონით დაწყებული და უმცროსი ბუშით გათავებული რუსეთს ვერაფერი მოუხერხეს. 2007 წელს დიდი რვიანის სამიტზე რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ძალზედ გაღიზიანებულმა “…დიდი რვიანის” ქვეყნების წარმომადგენელ ჟურნალისტებს გადაჭრით უთხრა, რომ “საერთაშორისო უსაფრთხოების სტრუქტურაში” ცვლილებებისთვის პასუხისმგებლობა ერთმნიშვნელოვნად მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს ეკისრება, რადგანაც სწორედ ამერიკა ცდილობს ევროპაში განათავსოს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა”

დავა “მესამე პოზიციური რაიონის” შექმნაზე 2009 წლის სექტემბერში დასრულდა, როდესაც ობამამ აღმოსავლეთ ევროპაში, ჩეხეთის რესპუბლიკასა და პოლონეთში, ანტისარაკეტო სისტემის განთავსების გეგმის შეცვლის შესახებ განაცხადა. თეთრი სახლის ადმინისტრაციას უარი არ უთქვამს, ის, გეგმა, შეცვალა: “თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა, რომელიც ბუშის ადმინისტრაციის დროინდელი მინისტრია, ობამას განცხადების შემდეგ პრესკონფერენციაზე ახალი გეგმის შესახებ ილაპარაკა და თქვა, რომ, დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ირანის საშუალო და ახლო რადიუსის რაკეტები უფრო დიდ საფრთხეს ქმნიან, ვიდრე საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები.

რობერტ გეიტსმა თქვა, რომ ახალი გეგმის პირველ ეტაპზე ჩრდილოეთსა და სამხრეთ ევროპაში განათავსებს გემებს, სენსორებითა და რაკეტა-გადამჭერებით, რათა უზრუნველყოს ევროპელი მოკავშირეებისა და აშშ-ის ძალების უსაფრთხოება. გეიტსმა დასძინა, რომ ვაშინგტონს არც სახმელეთო ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებზე უთქვამს უარი, თუმცა მათი ამოქმედება 2015 წლამდე არ მოხდება…”

პოლონეთისა და ჩეხეთის პირველ პირებს, ამერიკის შეერთებული შტატების ამგვარი გადაწყვეტილების გამო, უკმაყოფილების დაფარვა ძალიან გაუჭირდათ. მათი აზრით ამერიკული ანტისარაკეტო სისტემის კომპონენტების ამ ქვეყნებში განთავსება, რუსებისთვის ძლიერი შემაკავებელი ფაქტორი იქნებოდა. რაც არის, არის! – პოლონეთსაც და ჩეხეთსაც ამერიკის ახალი პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან შეგუება და სხვადასხვა კომპენსაციებით დაკმაყოფილება მოუწიათ.

ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემას “უკან”, ზღვაზე არ დაუხევია. მალე ანტისარაკეტო თავდაცვის პოტენციალის განვითარებაზე ნატოს შტაბ – ბინაშიც ალაპარაკდნენ და ამერიკული პროგრამა საერთო, ნატოსეულ პროგრამად გადაიქცა. საუბარს საქმე მოჰყვა და 2010 წლის ნოემბერში, ლისაბონში მიღებულ დეკლარაციაში გარკვევით ჩაიწერა: “გადავწყვიტეთ განვავითაროთ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის პოტენციალი, რათა დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა, ტერიტორია და ნატოს წევრი ქვეყნების ძალები და მოვიწვიეთ რუსეთი ჩვენთან სათანამშრომლოდ.“

მთელი ამ ანტისარაკეტო გაწიე – გამოწიეს განმვლობაში, რომელიც ლამის 9 წელიწადი გრძელდებოდა, კავკასიამ და საქართველომ არა ერთხელ გაიჟღერა – ხან როგორც “მესამე პოზიციური რაიონის”ნაწილმა, ხან მისმა შემცვლელმა, ხანაც როგორც მობილური სარადარო სისტემის განთავსების ადგილსამყოფელმა და ა.შ.

(more…)

Read Full Post »